ბირთვული ენერგიის სააგენტოს მონაცემებით, ირანში გამდიდრებული ურანის მოცულობა დაშვებულ ნორმას 16-ჯერ აღემატება
ბირთვული ენერგიის სააგენტოს მონაცემებით, ირანში გამდიდრებული ურანის მოცულობა დაშვებულ ნორმას 16-ჯერ აღემატება

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ირანში გამდიდრებული ურანის მარაგი 2015 წლის შეთანხმებით დაშვებულ ნორმას 16-ჯერ აღემატება.

მოხსენების თანახმად, ამჟამად ირანში გამდიდრებული ურანის მოცულობა 3 241 კილოგრამია.

სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ სააგენტოს არ მიაწოდა სრული მონაცემები ბირთვული ობიექტების შესახებ. გარდა ამისა, ირანმა უარი განაცხადა, ეპასუხა ყველა ტექნიკურ შეკითხვაზე, მათ შორის გამდიდრებული ურანის წარმომავლობასთან დაკავშირებით. გროსის თქმით, მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა არ იძლევა ქვეყნის ბირთვული პროგრამის სამშვიდობო ხასიათის გარკვევის შესაძლებლობას.

აღნიშნულმა დასკვნამ შესაძლოა, ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები პროცესი შეაფერხოს. ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ქალაქ ვენაში მიმდინარეობს, სადაც შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების და ირანის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხები განიხილება.