ირანში ცნობილ უფლებადამცველს 38-წლიანი პატიმრობა და 148 როზგი მიუსაჯეს
ირანში ცნობილ უფლებადამცველს 38-წლიანი პატიმრობა და 148 როზგი მიუსაჯეს

ირანში ცნობილ უფლებადამცველს 38-წლიანი პატიმრობა და 148 როზგი მიუსაჯეს. ამის შესახებ „სიენენი“ უფლებადამცველის ოჯახის წევრების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ნასრინ სოტოუდეჰი საკუთარი საქმიანობით საერთაშორისო მასშტაბით არის ცნობილი. ის დიდი ხნის განმავლობაში ისლამურ რესპუბლიკაში იმ ქალების უფლებებს იცავდა, რომლებიც თავსაბურავების ტარებას აპროტესტებდნენ.

როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, უფლებადამცველს სასჯელი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველი საქმიანობისა და სულიერი ლიდერის შეურაცხყოფისთვის შეუფარდეს.

ამასთან, ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, უფლებადამცველის ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული მონაცემები მცდარია. ტელევიზია იუწყება, რომ ნასრნის სოტოუდეჰს 7-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ნასრინ სოტოუდეჰს ევროკავშირის სახაროვის პრიზი აქვს მინიჭებული. ის აქტიურად იცავდა 2009 წელს გამართული დემონსტრაციების დროს დაკავებულებს, რის გამოც 2010 წელს დააპატიმრეს და 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2013 წელს ის გაათავისუფლეს. ნასრინ სოტოუდეჰი 2018 წლის ივნისში, თეირანში, საკუთარ სახლში ისევ დააკავეს და დედაქალაქთან ახლოს ევინის ციხეში გადაიყვანეს.

ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ მონაცემებით, 2018 წელს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საერთო ჯამში 7 000 დისიდენტი დააკავეს.