ირანში აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ირანში აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ირანის ქალაქ ბეჰბაჰანში საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„შიში არ არის, ჩვენ აქ ერთად ვართ“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

თვითმხილველებზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ ირანელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, აქციის ფონზე ხუზესტანის პროვინციაში ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა.

„ხალხი გაბრაზებულია. ეკონომიკა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ გადარჩენა შეუძლებელია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „როიტერთან“ საუბარში.

ირანის მართლმსაჯულების სისტემამ 14 ივლისს გასული წლის მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების სამ მონაწილეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ბეჰბაჰანში საპროტესტო აქცია სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ დაიწყო.

სხვადასხვა მონაცემით, გასული წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ირანის ხელისუფლება კი, 225 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს.