ირანში აქციაზე სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა
ირანში აქციაზე სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ანტისამთავრობო დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი აქტივისტები ჩანან. კადრები ქალაქ დორუდშია გადაღებული.

არეულობის შესახებ იტყობინებიან სხვა ქალაქებიდანაც. როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, მომიტინგეებმა პოლიციელების მანქანებს წაუკიდეს ცეცხლი და სამთავრობო შენობებში შეჭრას შეეცადნენ.

საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ, სამი დღის წინ ქალაქ მაშჰადში დაიწყო და შემდეგ რამდენიმე დიდი ქალაქი მოიცვა.

აქტივისტები ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის და სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ. მათი თქმით, ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას საგარეო პოლიტიკას აქცევს, ვიდრე მოქალაქეთა პრობლემებს.

ხელისუფლება დემონსტრაციების ორგანიზებაში “ირანის რევოლუციის მოწინააღმდეგეებს” და “უცხოეთის ჯაშუშებს” ადანაშაულებს.

მთავრობამ მოუწოდა მოქალაქეებს, არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობა არ მიიღონ. სხვადასხვა ცნობით, გუშინ ირანში დაბლოკეს ინტერნეტი.