ირანში აცხადებენ, რომ უკრაინული ავიახაზების ჩამოგდებული თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრა არ შეუძლიათ
ირანში აცხადებენ, რომ უკრაინული ავიახაზების ჩამოგდებული თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრა არ შეუძლიათ

ირანმა აღიარა, რომ ქვეყანას ჩამოგდებული უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრა არ შეუძლია. აღნიშნული განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა ამერიკულ ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ეს შემთხვევა, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ჩვენ დავზარალდით ამის გამო, გავხდით მსხვერპლი“, – განაცხადა ზარიფმა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა ირანის მოქალაქე იყო.

ზარიფის თქმით, ირანმა ამერიკას, საფრანგეთსა და კანადას შავი ყუთების გაშიფვრაში დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა დახმარება არ მიუღია.

„მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მოყვარული, მაგრამ რატომ არ გვაძლევენ ისინი გასაშიფრ ელემენტებს?არის იქ რამე ისეთი, რაც ჩვენ არ უნდა ვნახოთ? ეს კითხვებს ბადებს“, – განაცხადა ზარიფმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანი მზადაა, შავი ყუთები ამერიკულ მხარეს გადასცეს, ოღონდ იმ პირობით, თუ გაშიფვრის პროცესი ირანში ჩატარდება და მას ირანული მხარეც დაესწრება.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. თავდაპირველად ირანში აცხადებდნენ, რომ უკრაინულ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური პრობლემები იყო, თუმცა მოგვიანებით ირანში განაცხადეს, რომ უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს და ეს ადამიანური შეცდომა იყო.