ირანში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატიაა
ირანში განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატიაა. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მან უარყო ირანის წინადადება ჰორმუზის სრუტის გახსნისა და საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენი პირობები მკაფიოა და ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი დამოკიდებულია ამ პირობების შესრულებაზე. ამ ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
არაღჩის განცხადებით, ტრამპის საჯარო განცხადებების მიუხედავად, შუამავლებს, რომლებიც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებს უწყობენ ხელს, აშშ-ის მხრიდან ამ გეგმის უარყოფის შესახებ ოფიციალურად არაფერი გადაუციათ.
„ველოდებით, რომ შუამავლები საბოლოო პოზიციას გადმოგვცემენ და გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მივიღებთ“, – აღნიშნა არაღჩიმ.
ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეირანის წინადადება „მიუღებელია“ და რომ ირანს სურს, ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნაზე შეთანხმებას მიაღწიოს, რადგან „ისინი ძალიან მძიმედ მარცხდებიან“.