ირანში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ან კომპანიის კუთვნილი გემი, რომელიც გაყინულ ირანულ აქტივებს გამოიყენებს, ჰორმუზის სრუტეში გავლას ვერ შეძლებს
ნებისმიერი ქვეყნის ან კომპანიის კუთვნილი გემი, რომელიც გაყინულ ირანულ აქტივებს გამოიყენებს, ჰორმუზის სრუტეში გავლას ვერ შეძლებს, რადგან ტრანზიტი აეკრძალებათ. მედიის ცნობით, ამის შესახებ ირანის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ.
ირანის შეიარაღებული ძალების „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის სპიკერის, ებრაჰიმ ზოლფაღარის თქმით, შეიარაღებული ძალები არ დაუშვებს მათი კუთვნილი არცერთი გემის ჰორმუზის სრუტეში გავლას.
„ყველა კომპანიასა და ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს ტრამპის წინადადებას და იყენებს ირანის გაყინულ აქტივებს, ჩვენ ვუცხადებთ – ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ჰორმუზის სრუტის გავლის უფლებას მათ არცერთ გემს არ მისცემს“, – განაცხადა ზოლფაღარიმ.
აღნიშნული გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში გემებისთვის ან ტვირთისთვის მიყენებული ნებისმიერი ზარალი ირანის იმ ფინანსური სახსრებით დაიფარება, რომელსაც შეერთებული შტატები აკონტროლებს.