ირანში აცხადებენ, რომ ირანი აშშ-ის დარტყმებზე მტკიცე რეაგირებას გააგრძელებს და თეირანს ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გეგმები არ აქვს

20:32, 15.07.2026

ირანი აშშ-ის დარტყმებზე მტკიცე რეაგირებას გააგრძელებს, თეირანს ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გეგმები არ აქვს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ ირანულ მედიას განუცხადა.

„ამჟამად ჩვენ მოლაპარაკებების გეგმები არ გვაქვს და ქვეყნის დაცვაზე ვართ ორიენტირებული. ირანი არ დაიცავს არცერთ შეთანხმებას, თუ აშშ თავის ვალდებულებებს დაარღვევს. ეს პრინციპული საკითხია და ჩვენ გავაგრძელებთ მის დაცვას“, – განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.

სპიკერის თქმით, ოფიციალური თეირანი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი დაწყებიდანვე უგულებელყო.

ცნობისთვის, უკვე მეოთხე ღამეა, რაც აშშ ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს. ამერიკული მხარის განმარტებით, ოპერაციის მიზანი ირანის იმ სამხედრო შესაძლებლობების კიდევ უფრო შესუსტებაა, რომლებიც, მათი შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში საფრთხეს უქმნის საერთაშორისო კომერციულ გადაზიდვებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებს.

მსგავსი