ირანში აცხადებენ, რომ განიხილეს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა და „მოთხოვნებს გადაჭარბებულად მიიჩნევენ“
ირანმა განიხილა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა და „მოთხოვნებს გადაჭარბებულად მიიჩნევს“, – ციტირებს ირანის სახელმწიფო მედია ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებას.
„ირანი ომს მხოლოდ საკუთარი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაასრულებს. ირანი აშშ-ის პრეზიდენტს, ტრამპს ომის დასრულების ვადების განსაზღვრის უფლებას არ მისცემს“, – აღნიშნავს ირანელი მაღალჩინოსანი.
მისივე თქმით, თეირანმა შუამავლის მეშვეობით აშშ-ს განუცხადა, რომ განაგრძობს თავდაცვას. ირანელმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ მთავარი პირობა ომის დასასრულებლად ირანზე თავდასხმების შეწყვეტაა, ასევე „კონკრეტული გარანტიების დადგენა, რომლებიც ხელს შეუშლის ომის გამეორებას“.
ირანი ასევე მოითხოვს ომში მიყენებული ზარალისთვის „გარანტირებულ ანაზღაურებას“.
ამასთან, „სიენენმა“ გაავრცელა ირანის ხუთპუნქტიანი მოთხოვნა: „აგრესიისა და მკვლელობების“ სრულად შეწყვეტა; კონკრეტული მექანიზმების შექმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანში ომი არ განახლდება; გარანტირებული და მკაფიოდ განსაზღვრული ომის ზარალისა და რეპარაციების გადახდა; პირობა, რომ ომი დასრულდება ყველა ფრონტზე და ირანის ყველა მარიონეტული მხარისთვის მთელ რეგიონში, რაც მოითხოვს, ისრაელის თავდასხმების დასრულებას ლიბანში „ჰეზბოლას“ მიმართ; გარანტია, რომ ირანს აქვს სუვერენიტეტი ჰორმუზის სრუტეზე და მისი ლეგალური უფლება ჰორმუზის სრუტეზე აღიარებულ უნდა იქნას.
„სიენენის“ ინფორმაციით, მოთხოვნები ირანული ინგლისურენოვანი სახელმწიფო ტელეკომპანიის, Press TV-ის ეთერში, ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გავრცელდა. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად აქვს ამ წყაროს ირანის მთავრობის სახელით საუბრის ავტორიზაცია.