ირანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის ანალიტიკური ცენტრების საქმიანობა კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას
ირანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის ანალიტიკური ცენტრების საქმიანობა კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას

აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის ანალიტიკური ცენტრების საქმიანობა კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ამავდროულად უწყების პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, მოჰამად ქაზიმ საჯადპურმა აზერბაიჯანული „საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით „აზერბაიჯანი-თურქეთი-ირანის სამმხრივი ურთიერთობები“ განაცხადა.

„ჩვენ კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან. ჩვენ ასევე მზად ვართ ვიმუშაოთ ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ანალიტიკური ცენტრების სამმხრივ თანამშრომლობაზე. ამ თვალსაზრისით დღევანდელ შეხვედრას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავაფართოვოთ თანამშრომლობა რეგიონში“, – აღნიშნა საჯადპურმა.

აზერბაიჯანის „საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის“ ხელმძღვანელის ფარიდ შაფიევის განცხადებით, ისინი ხედავენ ბოლოდროინდელ დაძაბულობას ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, მაგრამ ფიქრობს, რომ სამი ქვეყნის ანალიტიკური ცენტრების პლატფორმა ამ საკითხის განხილვის საშუალებას იძლევა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ თურქეთისა და ირანის კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად შეხვედრა შემდგომი თანამშრომლობის განსახილველად. თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული შეხედულებები რეგიონის შესახებ, მაგრამ სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება არის ის, რაც გვაერთიანებს“, – აღნიშნა შაფიევმა.

დღეს ბაქოში დაიწყო კონფერენცია თემაზე „აზერბაიჯანი-თურქეთი-ირანის სამმხრივი ურთიერთობები“, რომელიც ორგანიზებულია აზერბაიჯანული „საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის“ მიერ ირანისა და თურქეთის საერთაშორისო კვლევითი ცენტრების მონაწილეობით.