ირანმა გოლანის მაღლობებზე დისლოცირებულ ისრაელის პოზიციებზე იერიში მიიტანა
ირანმა გოლანის მაღლობებზე დისლოცირებულ ისრაელის პოზიციებზე იერიში მიიტანა

ირანმა გოლანის მაღლობებზე დისლოცირებულ ისრაელის პოზიციებზე იერიში მიიტანა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. მათი თქმით, ირანის არმიამ სულ მცირე 20 სარაკეტო დარტყმა მიიტანა გოლანის მაღლობებზე. რაკეტების ნაწილი ჩამოაგდეს. დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი მომხდარ ინციდენტს სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს და სხვადასხვა სცენარს განიხილავს. არმიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა, თუმცა მას დეტალები არ დაუსახელებია.

სირიის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ ჰომსის პროვინციაში ისრაელიდან ნასროლი ათზე მეტი რაკეტა ჩამოაგდეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტამ სამიზნეს მიაღწია. მათ შორის იყო საჰაერო თავდაცვის სისტემები და იარაღის საწყობები.

ირანსა და ისრაელს შორის კონფრონტაციას წინ უძღოდა ისრაელის სარაკეტო იერიში დამასკოს სიახლოვეს მდებარე სამხედრო ობიექტზე. სირიელი სამხედროების ცნობით, კისვაჰის რაიონში ორი რაკეტა ჩამოაგდეს. დაიღუპა ორი მოქალაქე.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ სირიელი უფლებადამცველები, რომელთა შტაბბინაც ლონდონში მდებარეობს. მათი თქმით, ისრაელის იერიშის სამიზნე დამასკოს სიახლოვეს მდებარე ირანის კუთვნილი იარაღის საწყობი იყო. მათივე განცხადებით, დარტყმის შედეგად 15 მებრძოლი დაიღუპა. მათ შორის რვა ირანელი სამხედრო იყო.

ისრაელში ამ სარაკეტო დარტყმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ირანი სირიის ერთგული მოკავშირეა. ბაშარ ასადის მხარდამხარ ათასობით ირანელი სამხედრო იბრძვის. ძირითადად საუბარია მოძრაობა “ჰეზბოლას” წევრებზე.