ირანმა ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების პირობები დაასახელა
ირანმა ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების პირობები დაასახელა

ირანმა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული შეთანხმების შენარჩუნების პირობები დაასახელა. ამ თემაზე ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰალედ ჯავად ზარიფმა გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მუჰალედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ირანი ბირთვული შეთანხმების შედეგად დაკისრებულ ვალდებულებებს მანამ შეასრულებს, სანამ დოკუმენტი მის ინტერესებს ითვალისწინებს.

„აღნიშნული შეთანხმება სასიყვარულო თაღლითობა არ არის. დოკუმენტი გონივრულ კომპრომისს წარმოადგენს. ირანი მზად არის, შეთანხმება შეინარჩუნოს იქამდე, ვიდრე ის ჩვენს ინტერესებში შედის. ჩვენთვის პრიორიტეტულია ნავთობის გონივრული რაოდენობით ვაჭრობის შესაძლებლობა“, – განაცხადა ირანის პირველმა დიპლომატმა.

ჯავად ზარიფის განმარტებით, დოკუმენტის სხვა წევრმა სახელმწიფოებმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთანხმებიდან გასვლის შედეგად ირანისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე უნდა იზრუნონ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დოკუმენტიდან გასვლის შესახებ 2018 წლის მარტში განაცხადა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეთანხმების სხვა წევრ სახელმწიფოებს იმავე ქმედებისკენ მოუწოდებს, კომპანიებს კი, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ, სანქციებით ემუქრება. თუმცა, დოკუმენტის სხვა ხელმომწერები დონალდ ტრამპის პოზიციას არ იზიარებენ.