ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი – ირანი გამდიდრებული ბირთვული მასალის ქვეყნიდან გატანას არ დაუშვებს
ირანი გამდიდრებული ბირთვული მასალის ქვეყნიდან გატანას არ დაუშვებს, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, თეირანი გამდიდრებულ ბირთვულ მასალას ქვეყნიდან არ გაიტანს და მის გამოყენებას თავად გეგმავს. რეზაიმ აღნიშნა, ირანს გამდიდრებული მასალა ბირთვული ძრავით აღჭურვილი გემებისა და წყალქვეშა ნავების დასაპროექტებლად სჭირდება.
მისივე განმარტებით, ირანმა წინასწარ აცნობა მოსკოვს, რომ გამდიდრებულ ურანს ის მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის გამოიყენებს.
მოჰსენ რეზაიმ ეს განცხადება გააკეთა რუსეთის ინიციატივის საპასუხოდ, რომელმაც, „დიპლომატიური გადაწყვეტილებების ხელშეწყობის მიზნით, ირანის გამდიდრებული ურანის მეურვეობის სურვილი გამოთქვა“.
„ჩვენ ვაცნობეთ ჩვენს რუს მეგობრებს, რომ გამდიდრებული მასალა ირანში დარჩება და ჩვენ თვითონ გამოვიყენებთ მას“, – განაცხადა რეზაიმ.
მისივე თქმით, აშშ-ის ნებისმიერი ახალი თავდასხმა ირანს აიძულებს, ამერიკული სამხედრო ბაზები სამიზნეში ამოიღოს. რეზაიმ ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულება ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით ლიბანში, ირანის ერთ-ერთი მიზანია.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, ისრაელმა და აშშ-მა 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებს როცა შეუტიეს, ირანს 440.9 კგ ურანი ჰქონდა 60%-მდე გამდიდრებული — ეს დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე სამოქალაქო გამოყენებისთვის იყო საჭირო. ამ დროისთვის უცნობია, რა ოდენობის ურანი აქვს ამჟამად ირანს.