ირანის უმაღლესი ლიდერი ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებაში მტრებს ადანაშაულებს
ირანის უმაღლესი ლიდერი ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებაში მტრებს ადანაშაულებს

ბოლო დღეებში, ირანის მტრები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის ფულს, იარაღსა და პოლიტიკას, რათა ისლამურ რესპუბლიკას საფრთხე შეუქმნან, – ამის შესახებ ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას მაშინ მიმართავს, როცა ამის დრო მოვა.

ხამენეის არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს ირანის მტრებში, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუანიმ ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, სადაც ტრამპი ირანში დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებდა.

მანამდე ირანის სხვა ოფიციალურმა პირებმა „უცხოელი აგენტები“ და ძალადობის წამქეზებელი ონლაინ-ომის მწარმოებლები უწოდეს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საუდის არაბეთს.

ირანში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, ეს ხამენეის პირველი განცხადებაა. დემონსტრაციები ქვეყანაში 26 დეკემბერს დაიწყო. ხალხი ფასების ზრდასა და კორუფციას აპროტესტებს.

BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს დაპირისპირების დროს ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა. საერთო ჯამში კი საპროტესტო აქციებს 22 ადამიანი ემსხვერპლა.