ირანის უდიდეს კომერციულ პორტში აფეთქების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ირანის უდიდეს კომერციულ პორტში აფეთქების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ირანის უდიდეს კომერციულ პორტში აფეთქების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ირანული მედიასაშუალებების ცნობით, ქვეყნის სამხრეთით, შაჰიდ-რაჯაის პორტში მძლავრი აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

პორტს, სადაც უამრავი კონტეინერია განთავსებული, შავი კვამლი ფარავს, რასაც ირანული ტელევიზიით ნაჩვენები კადრები ადასტურებს.

წინასწარი ინფორმაციით, პორტში ერთ-ერთი კონტეინერი აფეთქდა. ამჟამად ჰორმოზგანის პროვინციის ხელისუფლებას დაზარალებულები უახლოეს სამედიცინო ცენტრებში გადაჰყავს.

ირანული მედიის ცნობით, აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც საშიში ტვირთები და ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახება.

შაჰიდ-რაჯაის პორტი, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირანს 1000-ზე მეტი კილომეტრით არის დაშორებული, ირანის ყველაზე თანამედროვე საკონტეინერო პორტია.