ირანის სულიერი ლიდერი - ჩვენ არ უნდა ვიყოთ ზედმეტად ოპტიმისტურად ან ზედმეტად პესიმისტურად განწყობილი აშშ-თან მოლაპარაკებების მიმართ, წითელი ხაზები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული
ჩვენ არ უნდა ვიყოთ ზედმეტად ოპტიმისტურად ან ზედმეტად პესიმისტურად განწყობილი აშშ-თან მოლაპარაკებების მიმართ. ბოლოსდაბოლოს, მხოლოდ ერთი ამოცანაა, ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაწყდა და ხორციელდება. ამ საწყის ეტაპზე ეს კარგად შესრულდა. წითელი ხაზები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული როგორც მეორე მხარისთვის, ისევე ჩვენთვის, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
ეს აიათოლა ალი ხამენეის პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც 12 აპრილს ომანში ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
ამასთან, აიათოლა ალი ხამენეიმ აღნიშნა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სკეპტიკურად ვართ განწყობილი მეორე მხარის მიმართ. ჩვენ არ ვიღებთ მათ და არ ვენდობით, ვიცით, ვინ არიან ისინი, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ჩვენი საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ვიცით, რომ შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება და გამოცდილი ვართ ეფექტურ მიდგომებში“.
როგორც ირანის სულიერი ლიდერი ამბობს, ომანში მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ირანმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც ბირთვული შეთანხმების დროს დაუშვა.
ირანმა 2015 წელს მსოფლიოს ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის პირობებით, თეირანს უნდა შეეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა. ამის სანაცვლოდ, დასავლეთს უნდა გაეუქმებინა ირანისთვის დაწესებული, ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებული ეკონომიკური სანქციები. 2018 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-მა ირანს სანქციები დაუწესა.