ირანის სულიერი ლიდერი ბენზინის გაძვირების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს საბოტაჟს უწოდებს
ირანის სულიერი ლიდერი ბენზინის გაძვირების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს საბოტაჟს უწოდებს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ბენზინის გაძვირების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს საბოტაჟს უწოდებს და არეულობის მოწყობაში უცხოელ მტრებს ადანაშაულებს.

ირანის სულიერი ლიდერის განცხადება სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

„ეჭვგარეშეა, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ გადაწყვეტილებამ ააღელვა. თუმცა საბოტაჟსა და ცეცხლის წაკიდებას ახორციელებენ ხულიგნები და არა ჩვენი ხალხი. კონტრრევოლუცია და ირანის მტრები ყოველთვის უჭერდნენ მხარს საბოტაჟს და არღვევდნენ უსაფრთხოებას. ისინი ამის გაკეთებას ახლაც განაგრძობენ“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

გარდა ამისა, ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანაში საწვავის გაძვირება ექსპერტების დასკვნის საფუძველზე მოხდა. მან ასევე ხელისუფლებას მოუწოდა, თავიდან აიცილონ სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა.

შეგახსენებთ, ირანის მთავრობის მიერ ბენზინის ფასის გაზრდის გადაწყვეტილებას ქვეყნის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა  მოჰყვა. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ.

სააგენტო „რეიტერის“ ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტის მუშაობა შეზღუდა.