ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში არეულობის დროს დაახლოებით 731 ბანკსა და 140-მდე სამთავრობო შენობას წაუკიდეს ცეცხლი
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში არეულობის დროს დაახლოებით 731 ბანკსა და 140-მდე სამთავრობო შენობას წაუკიდეს ცეცხლი

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აბდულრეზა რაჰმანი ფაზლი აცხადებს, რომ ქვეყანაში არეულობის დროს დაახლოებით 731 ბანკსა და 140-მდე სამთავრობო შენობას წაუკიდეს ცეცხლი. მინისტრის განცხადებას სააგენტო „რეიტერი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ასევე თავდასხმა განხორციელდა უსაფრთხოების ძალების 50 ობიექტზე და დაწვეს 70-მდე ავტოგასამართი სადგური. თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია, უშუალოდ რომელ ობიექტებზე განხორციელდა თავდასხმები.

მინისტრის თქმით, ქვეყნის ფარგლებში საწვავის ფასის გაძვირების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებსა და არეულობაში 200 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გასულ კვირას საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ამნესთი ინთერნეშენალმა“ განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს 143 დემონსტრანტი მოკლეს. ირანი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წევრები, ათასზე მეტი პირი კი დაკავებულია.

ს​აპროტესტო გამოსვლები ირანში 15 ნოემბერს საწვავის გაძვირების შემდეგ დაიწყო.