ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვენაში ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი გახდეს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასერ კანანის განცხადებით, ვენაში ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შესაძლოა, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი გახდეს.
აღნიშნულის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდება, ირანი შეძლებს, უზრუნველყოს ევროპის ენერგეტიკული საჭიროებების უმეტესი ნაწილი. რა თქმა უნდა, ევროპას სჭირდება ჩვენი შესაძლებლობები ამ სფეროში“, – განაცხადა კანანიმ ევროპულ ქვეყნებზე საუბრისას, რომლებმაც მისი თქმით, ირანს სთხოვეს დახმარება ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების საკითხში.
მან აღნიშნა, რომ ნავთობისა და გაზის მდიდარი რესურსების გამო, ირანი ენერგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწარმოებელია და მიუხედავად სანქციებისა, შეძლო ენერგეტიკულ ბაზარზე ყოფნის შენარჩუნება და პარტნიორებთან სანავთობო გარიგებების გაგრძელება.
ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებზე საუბრისას, კანანმა განაცხადა, რომ ირანმა გადასცა თავისი შეხედულებები ევროპულ მხარეს კარგი შედეგისა და ეროვნული ინტერესების მისაღწევად.
„მოპირდაპირე მხარის პოლიტიკური ნების და პრაქტიკული მოქმედების შემთხვევაში შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. ირანის პასუხი იყო გონივრული და კონსტრუქციული“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ბირთვული შეთანმხება ერთი მხრივ ირანს და მეორე მხრივ აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთს შორის 2015 წელს გაფორმდა და ითვალისწინებდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას. 2018 წელს, აშშ-მა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დატოვა შეთანხმება და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გასულ წელს განახლდა, რომელზედაც შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნება და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება განიხილება.