ირანის საგარეო უწყება საქართველოში გამგზავრების მსურველებს მოუწოდებს, თან იქონიონ ყველა საჭირო დოკუმენტი და არ ენდონ არაკვალიფიციურ კომპანიებს
ირანის საგარეო უწყება საქართველოში გამგზავრების მსურველებს მოუწოდებს, თან იქონიონ ყველა საჭირო დოკუმენტი და არ ენდონ არაკვალიფიციურ კომპანიებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან 2 დეკემბერს სხვადასხვა მიზეზით ირანის 200-მდე მოქალაქე გაადეპორტეს.

სააგენტო IRNA-ს ცნობით, ამის შესახებ სამინისტროს პრესსპიკერმა ბაჰრამ ქასემიმ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა საჭირო დოკუმენტები. საჭირო კვალიფიკაციის არმქონე ზოგიერთმა სააგენტომ და ჯგუფმა მოქალაქეებისგან ფულის მიღების სანაცვლოდ, სცადა მათი ქვეყანაში შეყვანა“, – აღნიშნა ქასემიმ.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი მოუწოდებს საქართველოში გამგზავრების მსურველ ირანელებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, თან იქონიონ ყველა საჭირო დოკუმენტი და არ ენდონ აღნიშნულ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე კომპანიებს.

ამავე დროს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა აღნიშნა, რომ დეპორტირებულ პირებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც საბუთები წესრიგში ჰქონდა, თუმც ამათ საქართველოში შესვლის უფლება მაინც არ მისცეს, რაც ირანული მხარისთვის გაურკვეველია.

„ეს გაურკვეველია ჩვენთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ქართულ მხარესთან დიალოგს აღნიშნული საკითხის გასარკვევად, რომ ეს ტენდენცია არ გაგრძელდეს“, -აღნიშნა ქასემიმ.

ბრაჰიმ ქასემის თქმით, ირანის მთავრობამ საქართველოში ირანის საელჩოს სთხოვა, მოლაპარაკებები გამართოს ამ საკითხზე შესაბამის უწყებებთან.

„ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს ბრალი დასდეს ნარკოტიკის ქონაში, ასევე საჭირო დოკუმენტების არქონაში. საელჩო პასუხისმგებელია, გაარკვიოს ამ ადამიანების მდგომარეობა“, – განაცხადა ქასემიმ.