ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი გამოიძახეს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი გამოიძახეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დერია ორსი გამოიძახეს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, საიდ ხატიბზადეს განცხადებით, თურქი დიპლომატი საგარეო უწყებაში თურქეთის პრეზიდეტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიუღებელი განცხადებების გამო დაიბარეს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თეირანი პროტესტს გამოთქვამს მსგავსი განცხადებების წინააღმდეგ და თურქეთის მთავრობას ახსნა-განმარტებას სთხოვს. ელჩთან შეხვედრისას, ევრაზიის საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ „მიწების პრეტენზიის და ომის მსურველი იმპერიები ეპოქა დიდი ხანია, დასრულებულია“.

ხატიბზადემ ასევე აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არავის მისცემს უფლებას, ჩაერიოს მის ტერიტორიულ მთლიანობაში და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქვეყანა კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ირანის ხელისუფლება თურქეთის პრეზიდენტს სეპარატისტული განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.

ირანული მედიის ინფორმაციით, ბაქოში სიტყვით გამოსვლისას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხალხური სიმღერის ტექსტი წარმოთქვა, სადაც გამოთქმულია მწუხარება მდინარე არაქსით აზერბაიჯანელებით დასახლებული მიწების დაყოფაზე.