ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანი აშშ-თან მოლაპარაკებებს ნამდვილ შანსს აძლევს
ირანი აშშ-თან მოლაპარაკებებს ნამდვილ შანსს აძლევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ისმაილ ბაღეი აცხადებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა, რომ ირანი 12-13 აპრილს აშშ-თან მოლაპარაკებებს ნამდვილ შანსს აძლევს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი 12 აპრილს ომანში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ და გააფრთხილა ირანი, რომ „დიდ საფრთხეში“ აღმოჩნდება, თუ მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება. ირანში კი განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები იქნება არაპირდაპირი, ომანის შუამავლობით.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა დააფასოს ეს გადაწყვეტილება.
„ჩვენ ვაპირებთ, შევაფასოთ მეორე მხარის განზრახვა და გადავჭრათ ეს საკითხი ამ შაბათს“, – წერს ისმაილ ბაღეი.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით.