ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან

11:13, 03.07.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ და დაკრძალვის ცერემონიას 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობის სპეციალური წარმომადგენლები.

ბაღაის თქმით, ხამენეის გამოსამშვიდობებელი და დაკრძალვის ცერემონია „ისტორიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა“ არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის, არამედ რეგიონის მოსახლეობის, მუსლიმებისა და „მსოფლიოს თავისუფალი ერებისთვისაც“.

გამოსამშვიდობებელი ღონისძიებები 9 ივლისამდე გაგრძელდება. ხამენეის მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალავენ.

ისმაილ ბაღაის განცხადებით, დაკრძალვის ცერემონია 3 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყება. ცერემონია დაგეგმილია ასევე 4-5 ივლისს თეირანში, იმამ ხომენეის მეჩეთში. დაკრძალვის პროცესია დედაქალაქში 6 ივლისს გაიმართება. 7 ივლისს პროცესია დაგეგმილია წმინდა ქალაქ ყუმში, ხოლო ბოლო პროცესია კი 9 ივლისს – წმინდა ქალაქ მაშჰადში.

ესმაილ ბაღაის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ 28 თებერვალს გახდა ცნობილი. ირანის სახელმწიფო მედიამ აღნიშნული ინფორმაცია პირველ მარტს დაადასტურა. აიათოლა ალი ხამენეი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველ დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. სულიერი ლიდერის დაკრძალვა საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.

მსგავსი