ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებთან გამართული მოლაპარაკებების განსახილველად მოსკოვში ჩავა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებთან გამართული მოლაპარაკებების განსახილველად მოსკოვში ჩავა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვს, აშშ-თან გამართული მოლაპარაკებების განსახილველად კვირის მიწურულს ეწვევა, – ინფორმაციას ირანის დიპლომატიური უწყება ავრცელებს.

ვაშინგტონის წარმომადგენლებსა და თეირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირველი არაპირდაპირი მოლაპარაკებები, ომანის შუამავლობით, დედაქალაქ მასკატში 12 აპრილს გაიმართა. ამერიკულ დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი წარმოადგენდა, ირანისას კი – საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.

სტივენ უიტკოფის თქმით, შეხვედრა „ძალიან პოზიტიურად და კონსტრუქციულად“ წარიმართა. აბას არაღჩის შეფასებითაც, მოლაპარაკებები „ურთიერთპატივისცემაზე იყო დაფუძნებული“.

ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრაზე უიტკოფმა ირანს შესთავაზა, არ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ურანის მარაგი იარაღად. ირანმა კი სანქციების შემსუბუქება და გაყინულ აქტივებზე წვდომა მოითხოვა.

გასულ თვეში გამოცემა „ბლუმბერგი“ წერდა, რომ რუსეთმა ვაშინგტონს ირანთან კომუნიკაციაში დახმარება შესთავაზა.