ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელი ერთადერთია რეგიონში, რომელსაც ბირთვული იარაღის საიდუმლო პროგრამა აქვს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელი ერთადერთია რეგიონში, რომელსაც ბირთვული იარაღის საიდუმლო პროგრამა აქვს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ირანის მისამართით ისრაელის პრემიერის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.

მოჰამედ ზარიფის თქმით, ისრაელი ბირთვულ იარაღზე ფარულად მუშაობს და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს, უკანონო ბირთვული პროგრამის შესამოწმებლად საერთაშორისო ინსპექტორები დაუშვას.

„ვერავითარი შოუ ვერ დაგვაბნევს. ერთადერთი რეჟიმი რეგიონში საიდუმლო და დაუდეკლარირებელი ბირთვული იარაღის პროგრამით, მათ შორის ბირთვული არსენალით, ისრაელია”- წერს მოჰამედ ზარიფი სოციალურ ქსელში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის, რადგან რასაც ირანი დამალავს, ისრაელი იპოვის.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასამბლეის წინაშე სურათები და მონაცემები წარადგინა და თქვა, რომ ისრაელის მიერ მოპოვებული ცნობებით, ირანი მეორე საიდუმლო ბირთვულ ობიექტს მალავს.