ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის არსებობას მის საზღვრებთან და საჭირო ზომებს მიიღებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის არსებობას მის საზღვრებთან და საჭირო ზომებს მიიღებს

ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის არსებობას მის საზღვრებთან და საჭირო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნებს აქვთ უფლება, ჩაატარონ სამხედრო წვრთნები საკუთარ ტერიტორიაზე ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად.

პარალელურად, განცხადებას ავრცელებს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების მეთაური, მოჰამად პაკპური, რომელიც ამბობს, რომ მეზობელმა ქვეყნებმა სიონისტურ რეჟიმს თავიანთი ტერიტორია თაშესაფრად არ უნდა გამოაყენებინონ.

„ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმი ეხმარება და მხარს უჭერს გარკვეულ რეგიონულ ქვეყნებს, რათა შეიქმნას უთანხმოება და განხეთქილება მუსლიმურ ერებს შორის“, – განაცხადა ირანელმა გენერალმა.

ირანული მედიის ინფორმაციით, პირველ ოქტომბერს ქვეყნის არმია ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. სამხედრო წვრთნებში, სახელწოდებით, „ხაიბარის დამპყრობლები“, ირანის ჯავშანტექნიკის, საარტილერიო, უპილოტო საფრენი აპარატების და ელექტრონული საბრძოლო მოწყობილობების დანაყოფები ჩაერთვება, რომელსაც მხარდაჭერას სახმელეთო ძალების სადესანტო დივიზიის ვერტმფრენები გაუწევენ.