ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-თან ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი დამაკმაყოფილებელია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-თან ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი დამაკმაყოფილებელია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-თან ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ისა და ირანს შორის ომანში გამართული მოლაპარაკებების რიგით მესამე რაუნდის შეფასებისას გააკეთა.

აბას არაღჩის თქმით, მოლაპარაკებები იმართება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო და სახვა საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. ამასთან, დიპლომატი აღნიშნავს, რომ ირანის მიმართ ამ ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციების შემსუბუქების საკითხი დისკუსიის ნაწილია.

„კმაყოფილი ვარ მოლაპარაკებების პროცესითა და ტემპით. მიმაჩნია, რომ პროცესი დამაკმაყოფილებელი იყო. ამჯერად მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად უფრო სერიოზული გახლდათ. საბოლოოდ, ჩვენი დისკუსიები უფრო ჩაუღრმავდა დეტალურ და ტექნიკურ სფეროებს. ექსპერტების დასწრება უაღრესად სასარგებლო იყო. ჩვენ რამდენჯერმე გავცვალეთ წერილობითი მოსაზრებები. თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები არაპირდაპირია. ტექნიკური განხილვები საჭიროებს უფრო კონკრეტულ ყურადღებას, ამიტომ მოსაზრებები ძირითადად წერილობითი ფორმატით იყო გაცვლილი“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

არაღჩის თქმით, პროგრესის მიუხედავად, მხარეებს შორის ფართო საკითხებზე უთანხმოებები რჩება.

„ჩვენ ოდნავ დავშორდით ფართო საკითხებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დავა გადაჭრილია. არა! დავები რჩება როგორც ფართო საკითხებზე, ასევე დეტალებზე. მომდევნო სესიამდე დედაქალაქებში დამატებითი განხილვები იგეგმება, რათა შევისწავლოთ ამ განსხვავებების შემცირების გზები“, ​​​- განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ირანისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ომანში 26 აპრილს გაიმართა. ის ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით მიმდინარეობდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციაში ირანთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს პოზიტიური და პროდუქტიული უწოდეს და განაცხადეს, რომ დისკუსიის მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში ევროპაში გაიმართება.