ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამერიკელებმა იციან ირანის თავდაცვითი შესაძლებლობების ძალა, ირანი არ ენდობა აშშ-ს, მაგრამ გამოცდის მას არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე
ამერიკელებმა იციან ირანის თავდაცვითი შესაძლებლობების ძალა. ირანი არ ენდობა აშშ-ს, მაგრამ გამოცდის მას არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანის ერთგულება მშვიდობისადმი სისუსტედ არ უნდა ჩაითვალოს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა არ ესწრაფვის ომს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მან კარგად იცის, როგორ დაიცვას თავი. ჩვენ ეჭვი გვეპარება აშშ-ის განზრახვებში და არ ვართ დარწმუნებული, რომ მათ აქვთ ნება სამართლიანი და სერიოზული მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ჩვენ მათ გამოვცდით. თუ მათი მოთხოვნაა, ირანი არ ესწრაფვოდეს ბირთვული იარაღის შექმნას, ეს მოთხოვნა შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ თუ მათ სხვა მიზნები აქვთ, შესაძლოა, ვერ მიაღწიონ მათ. მოსაზრება, რომ ირანი ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას, უსაფუძვლო ბრალდებაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათში და მზად ვართ, გადავწყვიტოთ ნებისმიერი შეშფოთება დიპლომატიური გზით. მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს თანასწორობის, სამართლიანობისა და ღირსების პოზიციიდან და არა – „მაქსიმალური ზეწოლის“ და სამხედრო მუქარის ქვეშ. ვიდრე გაგრძელდება „მაქსიმალური ზეწოლა“ და მუქარა, მოლაპარაკებისთვის სამართლიანი პირობები არ არსებობს და ჩვენ არ ვიქნებით პირდაპირ მოლაპარაკებებში. დიპლომატიის გზა არ არის დაკეტილი და ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ღია ვართ აშშ-თან არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.