ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანი მზად არის ბირთვული პროგრამის პირობებთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა გარკვეული დათქმებით
ირანი მზად არის ბირთვული პროგრამის პირობებთან დაკავშირებით აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა გარკვეული დათქმებით. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, მოლაპარაკებები შეუძლებელია, ვიდრე ვაშინგტონი ირანის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეარბილებს. ირანელ დიპლომატს მიაჩნია, რომ თეირანის მიმართ ვაშინგტონმა მიდგომები უნდა შეცვალოს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის მიმართვა ირანის სულიერი ლიდერის მიმართ, შესაძლოა, ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით არის ერთგვარი ძალისხმევა, თავიდან აირიდონ სამხედრო მოქმედებები.
„ჩვენ არ გვჭირდება ყველაფრის სამხედრო გზით მოგვარება. ირანისთვის ჩვენი სიგნალია, დავსხდეთ და ვნახოთ, რა შეგვიძლია დიალოგის, დიპლომატიის გზით, რათა მივიდეთ საჭირო შედეგამდე. თუკი შევძლებთ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. თუ არ გამოვა, ალტერნატივა არც ისე კარგია“, – განაცხადა უიტკოფმა.
დონალდ ტრამპმა ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის წერილი მარტის დასაწყისში გაუგზავნა და ულტიმატუმი წაუყენა – მოლაპარაკებები ან სამხედრო ქმედებები.