ევროკავშირი ირანის სადაზვერვო სამსახურს სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდერს სამუელსენი სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებს. ანდერს სამუელსენის განცხადებით, ევროკავშირმა სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ევროპის ტერიტორიაზე ირანის დაზვერვის მიერ მკვლელობების დაგეგმვის გამო მიიღო.
„მნიშვნელოვანი დღე ევროპის საგარეო პოლიტიკისთვის. ევროპის ტერიტორიაზე მკვლელობების დაგეგმვის გამო, ევროკავშირი ირანის დაზვერვის სამსახურის წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმდა. ესაა ძლიერი სიგნალი ევროკავშირიდან, რომ ჩვენ მსგავს მოქმედებას ევროპაში არ შევეგუებით“, – აღნიშნა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
დანიის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქის წინააღმდეგ მკვლელობის შეთქმულებისთვის, ოფიციალურმა კოპენჰაგენმა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არაერთხელ მოითხოვა. აღნიშნულ პირს ირანის ხელისუფლება თავდასხმებში სდებს ბრალს.