აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი ირანის პრეზიდენტმა ვითარების გამწვავებაში დაადანაშაულა
აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი ირანის პრეზიდენტმა ვითარების გამწვავებაში დაადანაშაულა

ირანის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ არეულობაზე გამარჯვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. როგორც ჰასან როუჰანიმ აღნიშნა, ირანელმა ხალხმა ისტორიული ტესტი კიდევ ერთხელ წარმატებულად გაიარა.

„ირანელმა ხალხმა კიდევ ერთხელ წარმატებით გაიარა ისტორიული ტესტი. მათ აჩვენეს, რომ ისინი მტრებს არ მისცემენ უფლებას არსებული სიტუაციიდან სარგებელი მიიღონ“, – განაცხადა ირანის პირველმა პირმა. ამასთან ერთად, ჰასან როუჰანიმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში გამართული სპონტანური დემონსტრაციები, რომლებიც ირანის ხელისუფლების მხარდასაჭერად გაიმართა, ქვეყნის სიძლიერეს უსვამს ხაზს.

სიტყვით გამოსვლის დროს ჰასან როუჰანიმ ირანში არსებული ვითარების გამწვავებაში საგარეო ძალები დაადანაშაულა. ასეთ ქვეყნებად კი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და საუდის არაბეთი დაასახელა.

რამდენიმე საათის წინ, ირანის რამდენიმე ქალაქში ხელისუფლების მხარდამჭერთა დემონსტრაციები გაიმართა. მანამდე კი, ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიამ“ გაავრცელა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ირანში ანტისახელისუფლებო მანიფესტაციების დაწყებიდან დემონსტრაციებზე მომხდარი არეულობების დროს 106 ადამიანი დაიღუპა.

ირანში საყოველთაო აქციები გასულ კვირას დაიწყო. მოქალაქეები ქვეყანაში საწვავის ფასების ზრდასა და სუბსიდიების გაუქმებას აპროტესტებდნენ.

დატოვე კომენტარი