ირანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დიდი შეკრებები, მათ შორის ქორწილები და პანაშვიდები აიკრძალა
ირანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დიდი შეკრებები, მათ შორის ქორწილები და პანაშვიდები აიკრძალა

ირანში დიდი შეკრებები, მათ შორის ქორწილები და პანაშვიდები აიკრძალა. „როიტერის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ​ გადაწყვეტილება ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების შემდეგ მიიღო.

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 188 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 12 625-ს აღწევს. განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 255 117-ია.

„ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ავკრძალოთ ცერემონიები და შეკრებები, იქნება ეს ქორწილები, პანაშვიდები, თუ წვეულებები. ახლა ფესტივალებისა და სემინარების დრო არ არის“, – განაცხადა რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას.

ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი ყველაფრის დაკეტვა იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ხალხი ქუჩებში შიმშილისა და უმუშევრობის გასაპროტესტებლად გამოვიდოდა.