ჰასან როუჰანი ანკარაში თურქეთის, რუსეთისა და ირანის სამმხრივ სამიტზე ჩავიდა
ჰასან როუჰანი ანკარაში თურქეთის, რუსეთისა და ირანის სამმხრივ სამიტზე  ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ანკარაში ჩავიდა, სადაც თურქეთის, რუსეთისა და ირანის სამმხრივ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სამიტზე ჰასან როუჰანი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.

სამმხრივ სამიტზე მთავარი თემა სირიის კრიზისი იქნება. როგორც Reuters-ი წერს, სამი ქვეყანა სირიის კონფლიქტის დარეგულირებაზე ერთად მუშაობს იმის მიუხედავად, რომ თეირანი და მოსკოვი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მოკავშირეები არიან, თურქეთი კი – მოწინააღმდეგე.

თურქეთში გამგზავრებამდე ირანის ლიდერმა განაცხადა, რომ უცხოურმა ძალებმა, რომლებიც სირიაში დამასკოს ნებართვის გარეშე მოქმედებენ, ქვეყანა უნდა დატოვონ.

„ირანს სჯერა, რომ სირიაში უცხოური ძალების ყოფნა სირიის მთავრობის ნებართვის გარეშე უკანონოა და უნდა შეწყდეს“, – განაცხადა როუჰანიმ.

ამჟამად თურქეთი სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს, სირიის ხელისუფლება თურქეთის ოპერაციას უკანონო ინტერვენციად აფასებს.