ირანის პრეზიდენტი - ტრამპთან შეხვედრა მხოლოდ სანქციების გაუქმების შემდეგ არის შესაძლებელი
ირანის პრეზიდენტი - ტრამპთან შეხვედრა მხოლოდ სანქციების გაუქმების შემდეგ არის შესაძლებელი

ირანის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის მთავარი წინაპირობა ყველა „უკანონო და უსამართლო“ სანქციების გაუქმებაა.

როგორც ჰასან რუჰანიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მისი და დონალდ ტრამპის შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ვაშინგტონი ირანისთვის დაწესებულ ყველა შეზღუდვას მოხსნის.

„თუ ეს მოხდება, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ პოზიტიურ განვითარებაზე, სხვა შემთხვევაში, ტრამპთან შეხვედრა უბრალოდ ფოტოსესიას დაემსგავსებოდა“, – განაცხადა რუჰანიმ.

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს ქალაქ ბიარიცში გამართულ დიდი შვიდიანის სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ირანის პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის“.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები ხელახლა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ი გაიყვანა და თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ხელახლა დააწესა.