ირანის პრეზიდენტი - რეგიონში არსებული პრობლემები ამ რეგიონის ქვეყნებმა უნდა მოაგვარონ, უცხოელთა ჩარევა ვითარებას უფრო გაართულებს
ირანის პრეზიდენტი - რეგიონში არსებული პრობლემები ამ რეგიონის ქვეყნებმა უნდა მოაგვარონ, უცხოელთა ჩარევა ვითარებას უფრო გაართულებს

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანსა და თურქეთს შეუძლიათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე გაძლიერება.

„ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ამ კონტექსტში შეიძლება შეღავათიანი ტარიფების განხილვა“, – განაცხადა რაისიმ.

ირანის, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობასა და ურთიერთობებზე საუბრისას რაისიმ აღნიშნა, რომ მათ ბევრი რამ აქვთ საერთო კულტურაში, რელიგიასა და იდეოლოგიაში, არ უნდა მოხდეს ამ ურთიერთობების დარღვევა, პირიქით, ისინი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყვნენ, რომ საერთო მტრებს იმედები გაუცრუონ.

ირანელმა და თურქმა ლიდერებმა ავღანეთში, სირიასა და ერაყში არსებული ვითარებაც განიხილეს.

„რეგიონის პრობლემები ამ რეგიონის ქვეყნებმა უნდა მოაგვარონ, ხოლო უცხოელთა ყოფნა და ჩარევა არათუ არ დაეხმარება პრობლემების მოგვარებას, არამედ გაართულებს სიტუაციას“, – განაცხადა რაისიმ.

საპასუხოდ,  ერდოღანმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარა საჭიროდ მიიჩნევს ირანთან ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის განვითარება-გაძლიერებას.

„ჩვენ შეგვიძლია, ნახტომი გავაკეთოთ ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში. ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთსა და თურქეთს შეუძლიათ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.