ირანის პრეზიდენტი - ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდა ერთ-ერთ ქორწილს უკავშირდება
ირანის პრეზიდენტი - ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდა ერთ-ერთ ქორწილს უკავშირდება

ირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდა ერთ-ერთ ქორწილს უკავშირდება, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ გააკეთა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 2 269 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 75 ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ირანში ვირუსის 169 425 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 8 209 ადამიანი.

პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, არსებული მდგომარეობის მიუხედავად ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს და ეკონომიკა ღია უნდა იყოს.

„ამ გარემოებაში სხვა არჩევანი არ გვაქვს – უნდა ვიმუშაოთ, საწარმოებმა უნდა იმუშაოს , მაღაზიები ღია უნდა იყოს , ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ქალაქებს შორის გადაადგილება“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 3 574 შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ირანში ექიმები მოსახლეობას ვირუსის მეორე ტალღის შესახებ აფრთხილებენ.