ირანის პრეზიდენტი - მოვუწოდებთ თურქეთს, მოიქცეს უფრო მოთმინებით და არჩეული გზა შეცვალოს
ირანის პრეზიდენტი - მოვუწოდებთ თურქეთს, მოიქცეს უფრო მოთმინებით და არჩეული გზა შეცვალოს

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი თურქეთს სირიაში სამხედრო აქტივობისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ამის შესახებ ქვეყნის არმიასთან სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. „როიტერის“ ცნობით, ჰასან როუჰანი სამხედრო წვრთნების დაწყების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვართან უნდა ჩატარდეს.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ თურქეთის სამხრეთში და სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების გარანტი რეგიონში სირიის არმიის განლაგებაა. მოვუწოდებთ თურქეთს, მოიქცეს უფრო მოთმინებით და არჩეული გზა შეცვალოს“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ირანი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა და თურქეთს სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ ხშირად მოუწოდებს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში უახლოეს დღეებში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს. მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა. თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის სამხედრო კონტიგენტი უკვე გაძლიერდა.