ირანის პრეზიდენტი - ირანსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, კიდევ უფრო განავითარონ ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორები
ირანის პრეზიდენტი - ირანსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, კიდევ უფრო განავითარონ ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორები

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი და აზერბაიჯანი გააძლიერებენ თანამშრომლობას, განავითარებენ ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორებს.

ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ირანსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ, კიდევ უფრო განავითარონ ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორები. კორიდორების ფარგლებში, შეგვიძლია, დავაკავშიროთ ჩვენი საკომუნიკაციო გზები, შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები ფინანსურ ურთიერთობებსა და ვაჭრობაში“, – განაცხადა ირანის ლიდერმა.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ეს ასევე ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომ გაძლიერებას.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სატრანსპორტო კორიდორს, „ჩრდილოეთ-სამხრეთს“ საფუძველი ჩაეყარა 2 000 წლის 12 სექტემბერს რუსეთს, ირანსა და ინდოეთს შორის გაფორმებული სამთავრობათაშორისო შეთანხმებით. კორიდორის შექმნის მიზანია ინდოეთიდან რუსეთში, ასევე ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ტვირთების მიწოდების ვადების შემცირება. „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ კორიდორს ირანის ტერიტორიაზე აქვს სამი მიმართულება. აღმოსავლეთის მიმართულება – თურქმენეთი და შუა აზიის ქვეყნები, შუა მიმართულება – რუსეთი და სხვა ქვეყნები კასპიის ზღვის გავლით, დასავლეთის მიმართულება – აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. 2023 წლის 17 მაისს რუსეთსა და ირანს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ირანის ჩრდილოეთით, გილანის პროვინციაში რეშთი-ასტარას რკინიგზის მშენებლობის შესახებ. რეშთი-ასტარას სარკინიგზო ხაზზე, რომლის სიგრძე დაახლოებით 163 კმ-ია, აშენდება ცხრა სადგური. ამ რკინიგზის მშენებლობის დასრულებით გაუმჯობესდება საერთაშორისო კორიდორი „ჩრდილოეთ-სამხრეთი“, ხოლო ირანის სარკინიგზო ქსელი ინტეგრირებული იქნება კავკასიის ქვეყნებთან, რუსეთსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან. შეთანხმების თანახმად, მოსალოდნელია, რომ რუსული მხარე ამ რკინიგზის მშენებლობაზე დახარჯავს 1,6 მილიარდ ევროს. ეს რკინიგზა 48 თვის განმავლობაში აშენდება.