ირანის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის გადაკეტვას არ გამორიცხავს, თუ აშშ ეკონომიკურ ზეწოლას გააგრძელებს
ირანის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის გადაკეტვას არ გამორიცხავს, თუ აშშ ეკონომიკურ ზეწოლას გააგრძელებს

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ჰორმუზის სრუტის გადაკეტვას არ გამორიცხავს, თუ აშშ ეკონომიკურ ზეწოლას გააგრძელებს. ამის შესახებ ირანის ლიდერმა ამერიკული ტელეკომპანია NBC-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, განახორციელებს თუ არა ირანი თავის მუქარას ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის შესახებ, როუჰანიმ სტრატეგიული მარშრუტის გადაკეტვის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

„თუ აშშ-ს სურს გამოიყენოს ძალა, რომ სანქციების საშუალებით შეზღუდოს ირანის ნავთობის ინდუსტრია, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა როუჰანიმ.

„ჩვენ გვაქვს ძალაუფლება ჩვენი აკვატორიის როგორც უსაფრთხოების, ისე თავისუფლების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის რეალობა, რადგან სპარსეთის ყურეში საზღვაო მარშრუტები უნდა დარჩეს თანაბრად ღია და უსაფრთხო ყველასთვის.

ირანს არაერთხელ გამოუთქვამს ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის მუქარა იმ შემთხვევაში, თუ თეირანის ნაციონალურ ინტერესებს საფრთხე შეექმნება.
NBC-თან ინტერვიუში ჰასან როუჰანიმ ასევე განაცხადა, რომ ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრას არ გეგმავს.

„თუ ვიღაც მიისწრაფის შეხვედრებისკენ, დიალოგისკენ და ურთიერთობებში პროგრესის მიღწევისკენ, ის არ გამოიყენებს სანქციების ინსტრუმენტსა და მუქარებს, მთელი თავისი სახელმწიფოს სიძლიერეს სხვა მთავრობისა და ერის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.