ირანის პრეზიდენტი - აშშ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად დღემდე არ არის მზად
ამერიკელები დამარცხდნენ და შურს იძიებენ იმ ჯგუფის ტერორისტებად გამოცხადებით, რომელიც ყოველთვის ფოკუსირებული იყო ტერორიზმთან ბრძოლაზე, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა. ჰასან როჰანის თქმით, ამერიკელები და სიონისტები 40 წლის განმავლობაში ცდილობდნენ ირანელი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას, მოსახლეობის წინააღმდეგობას რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ხელმძღვანელობდა. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ტერორიზმისგან მსოფლიოში ირანზე მეტად არც ერთი სახელმწიფო არ დაზარალებულა, ირანის მოსახლეობა კი მსოფლიო ძალების მიერ ორგანიზებული და შეიარაღებული ტერორიზმის მსხვერპლი გახდა.
„აშშ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად დღემდე არ არის მზად, მის ლიდერებს თავშესაფარს აძლევს და უარს ამბობს, გაუზიაროს რეგიონის ქვეყნებს ინფორმაცია დაეშის ლიდერების ადგილსამყოფელის შესახებ“, – თქვა ჰასან როჰანიმ.
ირანის უმაღლესმა ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ამ ქმედებით ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის გადაწყვეტილებას უპასუხა, რომელმაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.