ირანის პრეზიდენტი - აშშ და ევროპული ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული არსენალი აქვთ, რატომ აფერხებენ სხვა ქვეყნებს, ბირთვული ენერგიით ისარგებლონ? დასავლეთის დომინირების ეპოქა დასრულებულია
ირანის პრეზიდენტი - აშშ და ევროპული ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული არსენალი აქვთ, რატომ აფერხებენ სხვა ქვეყნებს, ბირთვული ენერგიით ისარგებლონ? დასავლეთის დომინირების ეპოქა დასრულებულია

აშშ და ევროპული ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული არსენალი აქვთ, რატომ აფერხებენ სხვა ქვეყნებს, ისარგებლონ ბირთვული ენერგიით? – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ ხორვატიის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან შეხვედრისას განაცხადა.

ირანის პრეზიდენტის თქმით, დამოუკიდებელ ქვეყნებზე დასავლეთის დომინირების ეპოქა დასრულებულია.

„მიუხედავად ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მცდელობისა, დააკისროს თავისი ინტერესები და ღირებულებები მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მოახერხა სანქციებისა და ზეწოლის შესაძლებლობად გადაქცევა, მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების სფეროში“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ებრაჰიმ რაისის თქმით, ირანს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და მედიცინის სფეროებში თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის წყალობით და გასულ წელს რადიოფარმაცევტული საშუალებებით ერთი მილიონი პაციენტის მკურნალობა გახდა შესაძლებელი.

თავის მხრივ, ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ხორვატია ყოველთვის ცდილობდა დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს სამხედრო ალიანსისა და ევროკავშირის წევრია. ხორვატიის პრეზიდენტი ასევე ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნებისთვის ღირებულებებისა და კულტურის დაწესების ნებისმიერ მცდელობას და დაგმო აშშ-ის გამოსვლა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან.