ირანის პრეზიდენტ​ი - ზანგეზურის დერეფანი იქნება ნატო-ს დასაყრდენი, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე რეგიონის ქვეყნებისთვის და ირანი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება
ირანის პრეზიდენტ​ი - ზანგეზურის დერეფანი იქნება ნატო-ს დასაყრდენი, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე რეგიონის ქვეყნებისთვის და ირანი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება

ზანგეზურის დერეფანი იქნება ნატო-ს დასაყრდენი, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე რეგიონის ქვეყნებისთვის და, შესაბამისად, ირანი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება, – ირანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელთან, არმენ გრიგორიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხალაფ ხალაფოვთან გამართულ შეხვედრებზე განაცხადა.

ირანული მედიის ინფორმაციით, ებრაჰიმ რაისიმ შეხვედრებზე თქვა, რომ თეირანი ეწინააღმდეგება უცხო ძალების ყოფნას რეგიონში და ნებისმიერ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს.

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, არმენ გრიგორიანთან შეხვედრისას პრეზიდენტმა რაისიმ ხაზი გაუსვა კავკასიის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობას და გამოაცხადა ირანის მზადყოფნა, ითანამშრომლოს ამ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა მთიან ყარაბაღში სომხების უფლებების დაცვის აუცილებლობას და გამოაცხადა ირანის მზადყოფნა, დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს კონფლიქტის დიალოგის გზით გადაჭრაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრისას კი ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ არარეგიონული ქვეყნების ყოფნას რაიმე საბაბით არ მოაქვს სარგებელი რეგიონის ქვეყნებისთვის და რეგიონის გეოპოლიტიკა უცვლელი უნდა დარჩეს.