ირანის პოლიციის ცნობით, თეირანში აქციის მონაწილეებთან შეტაკებებს სამი სამართალდამცველი ემსხვერპლა
ირანის პოლიციის ცნობით, თეირანში აქციის მონაწილეებთან შეტაკებებს სამი სამართალდამცველი ემსხვერპლა

თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეტაკებებს ორშაბათს სამი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ განცხადება პოლიციის პრესსპიკერმა საიდ მონთაზერ ალ-მაჰდიმ სატელევიზიო ეთერში გააკეთა.

დაპირისპირება უსაფრთხოების სამსახურსა და გონაბადის კონფესიის დერვიშებს შორის მოხდა, რომლებიც პოლიციის სამმართველოს წინ შეიკრიბნენ და მათი სუფიური რელიგიური ჯგუფის წევრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელებითაც გავრცელდა.

ისლამური რესპუბლიკა სუფიურ ორდენს შიიტური ესტაბლიშმენტისთვის საფრთხედ მიიჩნევს და ამ მიზეზით გონაბადის რამდენიმე დერვიში პატიმრობაში ჰყავს.

არაერთი დერვიში დააკავეს ბოლო თვეების განმავლობაშიც. ამის შესახებ ცნობებს ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14 იანვარს სუფიური ორდენის 10 წევრი დაჭრეს და სამი დააპატიმრეს ფარსის პროვინციაში მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათი მსვლელობა დაარბია. მსვლელობით ისინი მაშინაც დაკავებული დერვიშების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.