ირანის პარლამენტის სპიკერი – რაოდენ დიდი სამხედრო ძალაც არ უნდა გვქონდეს, თუ ხალხი მშიერია, არ გვაქვს ფინანსური მიმოქცევა, ვერ გადავრჩებით, უსაფრთხოება და ეკონომიკა ერთისა და იმავე სხეულის ორი ფრთაა
ამერიკელებმა და ისრაელელებმა გაიგეს, რომ არ შეუძლიათ ირანისა და ერაყის სამხედრო დამარცხება, ამიტომ ისინი კოგნიტურ და ეკონომიკურ ომში ჩაერთნენ, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა ერაყში ვიზიტის დროს განაცხადა.
ირანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მაგალითად მოიყვანა ჰორმუზის სრუტის, სპარსეთის ყურის, ბაბ ალ-მანდებისა და სუეცის არხის გეოგრაფია და აღნიშნა, რომ მსოფლიოს საზღვაო ტრანსპორტის 75 პროცენტი მუსლიმური ქვეყნების ხელში იყო.
„ირანმა და ერაყმა თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარეს „არც ომისა და არც მშვიდობის“ და „ომიც და მშვიდობის“ მდგომარეობაში, რაც რეგიონის შესაძლებლობების მიმართ უცხო ქვეყნების სიხარბემ გამოიწვია. მტერი მოვიდა ჩვენი რესურსებისა და ნედლეულის გასაძარცვად“, – განაცხადა ღალიბაფმა.
ირანის პარლამენტის სპიკერი ეროვნული ვალუტებით ვაჭრობის ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ ამერიკის ბატონობის ერა დასრულდა.
„ამერიკელებმა და ისრაელელებმა გაიგეს, რომ არ შეუძლიათ ირანისა და ერაყის სამხედრო დამარცხება, ამიტომ ისინი კოგნიტურ და ეკონომიკურ ომში ჩაერთნენ და ახლა თქვენ ხართ ამ სფეროს ჯარისკაცები და მეთაურები. რაოდენ დიდი სამხედრო ძალაც არ უნდა გვქონდეს, თუ ხალხი მშიერია და არ გვაქვს ფინანსური მიმოქცევა, ეკონომიკური ზრდა ან ეროვნული წარმოება, ჩვენ ვერ გადავრჩებით. უსაფრთხოება და ეკონომიკა ერთისა და იმავე სხეულის ორი ფრთაა. ინვესტიციებს უსაფრთხოება სჭირდება და უსაფრთხოებას ეკონომიკა თუ არ უჭერს მხარს, ისიც სტაბილური არ იქნება“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.