ირანის პარლამენტის სპიკერი – ჩინეთის მიერ საერთო უსაფრთხოების ხელშეწყობაზე აქცენტი ასახავს პრინციპს, რომელსაც ირანი დიდი ხანია იცავს, რეგიონის ქვეყნებმა საკუთარი მომავალი საკუთარ ხელში უნდა აიღონ
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ თეირანი პეკინის მიერ საერთო უსაფრთხოების ხელშეწყობაზე აქცენტის გაკეთებას მიესალმება.
მისივე თქმით, რეგიონის ქვეყნებმა საკუთარი მომავალი თავად უნდა შექმნან.
„ჩინეთის მიერ საერთო უსაფრთხოების ხელშეწყობაზე აქცენტი ასახავს პრინციპს, რომელსაც ირანი დიდი ხანია იცავს. რეგიონის ქვეყნებმა საკუთარი მომავალი საკუთარ ხელში უნდა აიღონ და ნამდვილი სტაბილურობა მხოლოდ ახალი, ადგილობრივი უსაფრთხოების არქიტექტურის მეშვეობით შეიძლება მოვიდეს. ირანი ამისთვის მზადაა“, – წერს სპიკერი სოციალურ ქსელში.
მედიის ცნობით, ღალიბაფმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ახლო აღმოსავლეთში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაქმნელად ოთხპუნქტიანი წინადადება წარმოადგინა.
ჩინეთის ლიდერის გეგმა საერთო, ყოვლისმომცველ, თანამშრომლობით და მდგრად უსაფრთხოებას უნდა დაეფუძნოს.
სი ძინპინის თქმით, ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საერთაშორისო საზღვაო მარშრუტების დასაცავად, განვითარების თანამშრომლობის ხელშესაწყობად, ორმხრივი ნდობის აღსადგენად და კონფლიქტის ძირითადი მიზეზების მოსაგვარებლად.