ირანის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვული ობიექტების შესახებ ჩანაწერებს ატომურ სააგენტოს აღარ გადასცემენ
ირანის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვული ობიექტების შესახებ ჩანაწერებს ატომურ სააგენტოს აღარ გადასცემენ

ირანი ქვეყნის ბირთვული ობიექტების შესახებ ჩანაწერებს ატომურ სააგენტოს აღარ გადასცემს, – აღნიშნულის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ გალიბაფმა განაცხადა.

მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მიცემული ვადა, ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, რამდენიმე დღის წინ ამოიწურა და ირანი მას აღარ გაახანგრძლივებს. გალიბაფის განცხადებით, ირანი აღარ გეგმავს ჩანაწერების და ინფორმაციის სააგენტოსთვის გადაცემას.

ირანმა საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო სააგენტოს დაშვება მიმდინარე წლის 23 თებერვალს შეაჩერა. საერთაშორისო სააგენტოს დაშვებაზე შეზღუდვის დაწესებამდე, თეირანმა მასთან დროებითი ხელშეკრულება გააფორმა, რაც გულისხმობდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე შემოწმების და მონიტორინგის გაგრძელებას სამი თვის ვადით. ამ პერიოდის შემდეგ ხელშეკრულება კიდევ ერთი თვით გაგრძელდა – 24 ივნისამდე. ორი დღის წინ სააგენტომ ირანის ხელისუფლებას ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა, რაზეც ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ იმსჯელებდა.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ირანსა და ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაფერხოს, რომელზეც ირანის ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხები განიხილება.