ირანის მთავრობის წარმომადგენელი - მზად ვართ, დავეხმაროთ სომხეთს ახალი გზის მშენებლობაში, რომელსაც ირანული სატრანზიტო სატვირთო ავტომობილებიც გამოიყენებენ
ირანის მთავრობის წარმომადგენელი - მზად ვართ, დავეხმაროთ სომხეთს ახალი გზის მშენებლობაში, რომელსაც ირანული სატრანზიტო სატვირთო ავტომობილებიც გამოიყენებენ

ირანი მზად არის, დახმარება აღმოუჩინოს სომხეთს გზის მშენებლობაში, რომელიც ირან-სომხეთის საზღვრიდან იწყება და სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მთავრდება, – ამის შესახებ ირანის გზებისა და საქალაქო განვითარების მინისტრის მოადგილემ, ხეიროლა ხადამიმ სომხეთში ვიზიტისას განაცხადა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ირანის მთავრობის წარმომადგენელი სომხეთში ალტერნატიული გზის მშენებლობას გაეცნო, რომელსაც ირანული სატრანზიტო სატვირთო ავტომობილებიც გამოიყენებენ.

აღნიშნულ პროექტში ირანის ჩართულობა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სომხეთის მთავრობის წევრებთან ხეიროლა ხადამის შეხვედრისას.

ირანის გზებისა და საქალაქო განვითარების მინისტრის მოადგილემ „ფარს თუდეისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დელეგაციის მიზანია სომხეთის შესაბამის ორგანოებთან შეისწავლოს ირანული სატვირთო მანქანებისთვის შექმნილი გორის-კაპანის გზაზე აზერბაიჯანის მიერ შექმნილი სირთულეები.

„ირანი-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი გზას ირანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ სომხეთს ახალი გზის მშენებლობაში. სომხეთი ასევე აშენებს ჩრდილო-სამხრეთის გზას, რომელიც იწყება ირანის საზღვრიდან და მიდის საქართველოს საზღვართან. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სომხეთთან ასევე ამ მიმართულებით“, – თქვა ირანის მთავრობის წარმომადგენელმა.