ირანის მიერ რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-მა ირანის ნავთობზე სანქციები აღადგინა, თეირანი გადაწყვეტილებას „მემორანდუმის დარღვევად“ აფასებს
ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა ირანის ნავთობზე სანქციები აღადგინა. თეირანი გადაწყვეტილებას „მემორანდუმის დარღვევას“ უწოდებს.
აშშ-ის განცხადების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა.
როგორც „როიტერი” წერს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასულ თვეში თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული მყიფე შეთანხმების ფარგლებში ირანის ნავთობის გაყიდვის ნებართვა 21 აგვისტომდე გასცა, თუმცა სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს პერიოდი 17 ივლისამდე შემცირდა.
ირანმა დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ სანქციების აღდგენა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის „აშკარა დარღვევაა“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ პასუხისმგებელია ამ გადაწყვეტილების ყველა შესაძლო შედეგზე.