ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში აშშ-ის თავდასხმების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 260-ზე მეტი დაშავდა
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში აშშ-ის თავდასხმების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 260-ზე მეტი კი დაშავდა.
უწყების წარმომადგენლის, ჰოსეინ კერმანპურის განცხადებით, დაშავებულთაგან 222-მა სამედიცინო დახმარება უკვე მიიღო, დანარჩენი დაშავებულები კი მკურნალობას აგრძელებენ.
ცნობისთვის, უკვე მეოთხე ღამეა, რაც აშშ ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს. ვაშინგტონმა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადაც განაახლა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, გასულ ღამეს აშშ-ის გამანადგურებლებმა, უპილოტო საფრენმა აპარატებმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ზუსტი დარტყმები მიიტანეს ირანის სარაკეტო და დრონების ობიექტებზე, საზღვაო შესაძლებლობებსა და სანაპირო თავდაცვის სისტემებზე, მათ შორის, ჰორმუზის სრუტის მიმდებარე და სანაპირო რაიონებში.
ამერიკული მხარის განმარტებით, ოპერაციის მიზანი ირანის იმ სამხედრო შესაძლებლობების კიდევ უფრო შესუსტება იყო, რომლებიც, მათი შეფასებით, საფრთხეს უქმნის საერთაშორისო კომერციულ გადაზიდვებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებს.