ირანის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა
ირანის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა

ირანის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა. ერთი დოლარი დღეს სავალუტო ბირჟაზე 100 000 რიალი ღირს.

როგორც ირანული მედია წერს, ვალუტის გაუფასურება აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური სანქციების ხელახლა ამოქმედებასთან დაკავშირებულ მოლოდინს უკავშირდება.

დაახლოებით ოთხ თვეში, ირანული რიალი დოლართან მიმართებით 50%-ით გაუფასურდა. მარტში ერთი დოლარის შეძენა ირანში 50 000 რიალად იყო შესაძლებელი.

მთავრობამ რამდენჯერმე სცადა ვითარების გამოსწორება. ერთ-ერთ ზომად შავ ბაზარზე ვალუტით მოვაჭრეთა წინააღმდეგ სანქციების გატარება განიხილებოდა. თუმცა, ივნისში ხელისუფლებას ვალუტის კურსის კონტროლის შემსუბუქება მოუწია.

ვალუტის გაუფასურების გამო, გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აშშ-ი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ხელხალა ამოქმედებას ორ ეტაპად – 6 აგვისტოს და 4 ნოემბერს გეგმავს.